ინტერვიუ

ინტერვიუ ზვიად რატიანთან

ზვიად რატიანი

„ლიტერატურა ბევრად მეტია, ვიდრე ავტორი, ტექსტი და მკითხველი“

რამდენიმე თვის წინ ზვიად რატიანს ავსტრიული ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, განსაკუთრებით რაინერ მარია რილკეს „დუინური ელეგიების“ ქართულ ენაზე თარგმნისთვის, ავსტრიის ფედერალური მთავრობის 2023 წლის სახელმწიფო მთარგმნელობითი პრემია გადაეცა. ხელისუფლებისგან დევნილ და ავსტრიაში რამდენიმე წლიანი ცხოვრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ პოეტს უახლოეს გეგმებსა და თავის შემოქმედებით ლაბორატორიაზე ვესაუბრეთ.

01. ყველაზე მეტად ალბათ ახლა შენს მკითხველს და გულშემატკივარს აინტერესებს, სად არის ზვიად რატიანი, უფრო სწორად, ვიცით, რომ მუდამ აქ ხარ, საქართველოში, და მუდამ მტკიცე მოქალაქის პოზიციაზე, მაგრამ სად ცხოვრობ ფიზიკურად და გაქვს თუ არა წერისა და მუშაობის შესაძლებლობა?

ზ. რ. დაახლოებით წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოში დავბრუნდი. მუდმივად თბილისში არ მიწევს ყოფნა, ზოგჯერ ქვეყნიდანაც გავდივარ, მაგრამ ძირითადად მაინც თბილისში ვცხოვრობ. მე ისეთი სამუშაო არ მაქვს, განსაკუთრებული პირობები სჭირდებოდეს. დროსა და ენერგიას თუ არ ჩავთვლით, მატერიალური ხარჯი მხოლოდ თამბაქო და ყავაა. ბოლო წლებში უფრო თარგმანზე ვარ გადართული, კონკრეტული წიგნების და არა ცალკეული ლექსების თარგმანზე. ორი წიგნი უკვე გამოიცა, ბერ­ ტოლტ ბრეხტის პოლიტიკური ლექსების კრებული „ცუდი დრო პოეზიისათვის“ და რაინერ მარია რილკეს „დუინური ელეგიები“. ახლა ვასრულებ ტომას ელიოტის „ოთხ კვარტეტს“, რომელიც ბევრი თვალსაზრისით გაცილებით რთული საქმე გამოდგა, ვიდრე ყველა დანარჩენი, რაზეც აქამდე მიმუშავია. რაც შეეხება საკუთარს, დროდადრო რაღაცებს ვინიშნავ. უფრო ვინიშნავ, ვიდრე ვწერ. წიგნის კონტური ჯერ არ ჩანს და, შესაბამისად, ამ ჩანაწერებსაც ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. ოდესმე ალბათ ჩავხედავ და მოვაწესრიგებ.

02. შენთვის ეს ამბავი არასოდეს მომიყოლია, სტუდენტობის დროს ხშირად მიწევდა ლიტერატურის მუზეუმში ყოფნა, ასე გავიცანი მაშინდელი მუზეუმის დირექტორი, პოეტი იზა ორჯონიკიძე, რომელმაც ერთხელ მკითხა, თანამედროვე პოეტებიდან ვისთან ვმეგობრობო, ერთი ჩემი მაშინდელი მეგობარი მისი ჩვეული პირდაპირობით გამილანძღა და მითხრა, ზვიად რატიანთან იმეგობრე, აი, პოეტი და საიმედო ადამიანი ისააო. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ხშირად მახსენდება. რა კომპრომისებზე უწევს წასვლა შემოქმედ ადამიანს თანამედროვე სამყაროში, ჩვენს საზოგადოებაში, რომ არც მოწოდებას უღალატოს და ადამიანური სახის შენარჩუნებაც შეძლოს?

ზ. რ. მესმის. იზა ორჯონიკიძე და მამაჩემი ბავშვობიდან მეგობრობდნენ. მოზარდობისა და ახალგაზრდობის წლებში მამაც წერდა ლექსებს და ამან განსაკუთრებით დააახლოვა. მე წამიკითხავს მათი მიმოწერა, ლექსებიანი წერილები, მაშინ ალბათ 17-18 წლისანი იქნებოდნენ. ამ წერილებიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იმ დროში მამაჩემი იყო შემფასებელი და არა პირიქით. მაგრამ მამამ ადრევე შეწყვიტა წერა, იზამ გააგრძელა და კარგი პოეტიც გახდა. მოგვიანებით, როცა მეც ლიტერატურულ ამბებში მოვხვდი, ეს მეგობრული სითბო იზამ ჩემზე გადმოამისამართა. აი, ასეთია შენი მოგონების წინაისტორია და მიზეზი. რაც შეეხება კომ­ პრომისებს, არ ვიცი, მწერლის შემთხვევაში ამის მეტ-ნაკლებად ობიექტურ საფუძველს ვერ ვხედავ. სხვა საქმეებისგან, ვთქვათ, კინოსგან განსხვავებით, ლიტერატურის შექმნას განსაკუთრებული მატერიალური რესურსი არ სჭირდება. საბედნიეროდ, ჩვენი საგამომცემლო სექტორიც საკმარისად ღონიერი და დამოუკიდებელია საიმისოდ, რომ მწერალმა მიგდებულად არ იგრძნოს თავი. გასაგებია, რომ ამ საქმით ვერც იხეირებ, მაგრამ არც ჩვენზე ბევრად მდიდარ ქვეყნებშია შესაძლებელი არაკომერციული ლიტერატურით ცხოვრების მოწყობა.

03. თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესს თუ ადევნებ თვალს? შენი აზრით, რამდენად ასახავს ის ჩვენს სინამდვილეს, ჩვენს დღევანდელობას და ახლა სად არის ქართველი მწერლის ადგილი, რა როლი აქვს ამ ეპოქაში?

ზ. რ. ყოველთვის ვცდილობდი, ახალი ავტორები და ნამუშევრები არ გამომრჩენოდა, მაგრამ ბოლო წლებში მაინც ჩამოვრჩი. იმ ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც საქართველოს გარეთ გავატარე, მუდმივად ვთხოვდი გამომცემლებს ან თავად ავტორებს, თავიანთი ახალი წიგნების ციფრული ვერსიები გამოეგზავნათ, მაგრამ ეს ძირითადად ნაცნობი მწე­რლების უცნობი წიგნები იყო და არა ახალი ავტორების ტექსტები. შენ კი იცი, ჩვენს საქმეში ინფორმირებულობა ხელობის ნაწილია და არა უბრალო ცნობისმოყვარეობა, ამიტომ ახლა ვცდილობ, გამორჩენილი ავინაზღაურო.

ადრე, 1990-იან წლებში, ყველაფერი გაცილებით ადვილი იყო, ყველაფერი თითქოს ხელისგულზე ხდებოდა, სულ რამდენიმე სალიტერატურო ჟურნალი და გაზეთი არსებობდა და, რომც არ მოგენდომებინა, ახალს მაინც შეამჩნევდი, ბოლოს და ბოლოს, რომელიმე კოლეგა-მეგობარი გირჩევდა და შეგამჩნევინებდა. ინტერნეტის პირობებში, ერთი მხრივ, წვდომა გაადვილდა, მეორე მხრივ კი, პროცესის რეალური იერსახისა და დინამიკის აღქმა გაჭირდა. რაც შეეხება მწერლის როლსა და ადგილს – ასეთ რამეებთან ძალიან სწორხაზოვანი დამოკიდებულება მაქვს:

„მწერლის ერთადერთი ამოცანა შეძლებისდაგვარად ხარისხიანი ლიტერატურის შექმნაა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში მწერალსაც იგივე სიფხიზლე და პასუხისმგებლობა მოეთხოვება, რაც ნებისმიერ მოქალაქეს“.

ლიტერატურა კი ბევრად მეტია, ვიდრე ავტორი, ტექსტი და მკითხველი, ვიდრე ნებისმიერი „ილიადა“ თუ „მწუხარე სახის რაინდი“.

თუკი ვთანხმდებით, რომ კაცობრიობა ვითარდება ცოდნით, რომელიც ენით გადაიცემა, სწორედ მხატვრული ლიტერატურაა ის სახარში ჭურ­ჭელი, გნებავს, ლაბორატორია, რომელიც ენას მიმართულებას აძლევს და ქაოსურობისაგან იცავს.

ნატიფი სიტყვიერება სხვადასხვა ფორმით ყოველთვის არსებობდა, არსებობდა ზეპირსიტყვიერების ეპოქებშიც, შუმერებამდე, და უფრო ადრეც. ბოლოს და ბოლოს, ადამიანი-ცხოველი სწორედ პირის სპეციფიკური აპარატით გამოირჩა და აღემატა სხვა, ფი­ ზიკურად მასზე ბევრად დიდ და ღონიერ არსებებს. პოეზია სხვადასხვა სახით ყოველთვის იყო და იქნება. მე ასე უტრირებულად ვხედავ ჩვენს საქმეს, და არ მგონია, ეს ხედვა ძალიან შორს იყოს სიმართლისაგან.

04. შენზე ბევრს წერენ, ჩვენთანაც და, საბედნიეროდ, უკვე უცხოეთშიც, ბევრსაც დაწერენ, მაგრამ ზვიად რატიანმა რომ დაწეროს კრიტიკული წერილი ზვიად რატიანზე, რომელი პოეტური გზის პოეტია ზვიადი, როგორი პოეტური ხედვის?

ზ. რ. წარმოდგენა არ მაქვს და, საბედნიეროდ, არც მომიწევს ამის გაკეთება. ჩემს ძველ წიგნებზეც მხოლოდ იმ იშვიათ შემთხვევებში მიწევს ფიქრი, როცა ეს რომელიმე კონკრეტულ საქმეს სჭირდება, და ასეთ დროს მხოლოდ ის მახსენდება, რაც მათში არ მომწონს, ან უარესი – რისიც მრცხვენია, მაგრამ ვეღარაფერს ვუშველი.

არადა, ეს თვითკრიტიკაც, როგორც გინდა სწორი და გულწრფელი სიტყვებით გამოთქვა, მაინც პოზასა და კეკლუცობას ემსგავსება ხოლმე. ბევრჯერ დავრწმუნდი ამაში. ამიტომ მხოლოდ ერთს და მთავარს გეტყვი, რაც ჩემი წიგნების ყველაზე დიდი ნაკლი მგონია.

სულ ვცდილობდი, მაგრამ წერისას არასდროს გამომსვლია პირადი გამოცდილების ველიდან გასვლა, რითაც ძალიანაა შეზღუდული ჩემი ნაწერების შინაარსობრივი დიაპაზონი. ამას ემატება ფორმალური არათანმიმდევრულობა თუ ამორფულობა, რომელსაც სიამოვნებით გავასაღებდი მრავალფეროვნებად – ცალკეულ კრებულებსაც ამ განწყობით ვგეგმავ და ვალაგებ – მაგრამ ჩემი სურვილი და რეალური შედეგი, რამდენადაც ვხვდები, ჯერ არასდროს დამთხვევია ერთმანეთს. არის ერთი მნიშვნელოვანი, თუ არა განმსაზღვრელი დეტალიც – ვთარგმნი.

„რაც უნდა ერთი მეურნეობის ორ ფრთად მოვიაზრებდე წერასა და თარგმნას, ამ ორ საქმეში განსხვავება მეტია, ვიდრე კავშირი, მთავარია, შენ როგორ ბალანსირებ მათ შორის“.

ადრეულ წლებში ჩემი ისედაც უმწიფარი წერითი გამოცდილება მეტ ზეგავლენას ახდენდა თარგმნაზე, ვიდრე პირიქით, რაც ძალიან ცუდად ისახებოდა თარგმანების ხარისხზე. ამას თვითონაც ვგრძნობდი და თანდათან დავძლიე. ახლა მგონია, რომ საკუთარის წერისას, უპირველეს ყოვლისა, მე-მთარგმნელი დომინირებს. ვერ ვიტყვი, რომ ამით ჩემი ნაწერების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ სხვადასხვა ფორმალური გამოცდილებების დადებითი გავლენა, იმედია, მაინც შეიმჩნევა.

05. იმავენაირი პოპულარობით სარგებლობს შენი ლექსები. გამოქვეყნებისთანავე ქართველი მკითხველის სიყვარული და აღიარება დაიმსახურა: „ნეგატივი. 20 წლის შემდეგ“, „მამები“, „წერილი საიდუმლო დედას“, „მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა“, „აი ისინიც, ცუდი დღეები“… მაგრამ შენ რომელ ლექსს, თუნდაც შენს რომელ თარგმანს შესთავაზებდი უპირველესად შენს უცნობ მკითხველს, ჯერ რომ არ იცნობს შენს შემოქმედებას?

ზ. რ. მართლა არ მაქვს პასუხი. ყველა ლექსი, რომელიც ჩამოთვალე, ძალიან ძველია და მათთან განსაკუთრებული ემოციური ბმა აღარ მაქვს, რაც იმას არ ნიშნავს, რომ არ მსიამოვნებს, თუკი ისინი ვინმეს მოსწონს. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა შენი ნაწერი მოსწონთ.

ავტორებს, მოგეხსენება, რაღაც დონის სენტიმენტები თავიანთი შედარებით ახალი ნამუშევრების მიმართ უფრო აქვთ, მაგრამ ჩემი ბოლო წიგნიდანაც უკვე ხუთი წელია გასული და, ვიფიქრე, ასეთ სენტიმენტებსაც გაუვიდა ვარგისიანობის ვადა. ამიტომ იმას გეტყვი, რის წაკითხვასაც არავის ვურჩევდი.

1990-იანი წლების არც ერთი წიგნი თუ პუბლიკაცია, საკუთარი თუ თარგმნილი პოეზია, არ ღირს ძვირფასი დროის დაკარგვად. რომ შემეძლოს, ამ წიგნებს სიხარულით გავაქრობდი ყველა სახლიდან და ყველა ბიბლიოთეკიდან. როგორც გითხარი, ბოლო წლებში ძირითადად ვთარგმნი. გარდა თავისთავადი, წმინდა ლიტერატურული ინტერესისა და აზარტისა, მხოლოდ თარგმნა მიღვივებს მეტ-ნაკლებად „სასარგებლო საქმის კეთების“ განცდასა თუ ილუზიას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ თანამედროვე თარგმნილმა ლიტერატურამ, მათ შორის ჩემმაც, აკადემიურ სივრცეშიც გადაინაცვლა და ამ ტექსტებით სტუდენტები ხელმძღვანელობენ.

ამიტომ, თუკი გავბედავ და ვინმეს რამის წაკითხვას ვურჩევ, ალბათ უფრო ამათ: ტედ ჰიუზის „ყვავს“, ბრეხტის პოლიტიკური ლექსების კრებულს, რილკეს „დუინურ ელეგიებს“ და – მცირე ხანში – ელიოტის „ოთხ კვარტეტს“, რომლის შესავალსა და განმარტებების ბლოკზე ჯერ კიდევ ვმუშაობ, ძალიან ვცდილობ, ანალიტიკურად სწორად შეფუთული თარგმანი გამოიცეს და არა ისეთი, როგორიც თუნდაც ელიოტის „უნაყოფო მიწის“ ჩემივე თარგმანი იყო – ძუნწი სქოლიოებით და მორბენალი სტრიქონივით ნაუცბადევი განმარტებებით.

ძალიან არ მინდა, მაგრამ მიწევს ჩვენი საუბრის სევდიანად დასრულება. „ოთხი კვარტეტის“ თარგმანის თანარედაქტორი, ლევან ბერძენიშვილთან ერთად, ზურა ქარუმიძეა. თარგმნის საწყის ეტაპზე თემურ კობახიძე მეხმარებოდა, შემდეგ, ყველა ეტაპზე, ზურა. ბოლო სამუშაო ვიდეოსაუბარი ნოემბრის ბოლოს, მდგომარეობის გაუარესებამდე ორი დღით ადრე გვქონდა.

2022 წლის გაზაფხულზე, როცა თემურ კობახიძე გარდაიცვალა, სწორედ ზურამ მირჩია, თუკი თარგმანს ბოლომდე მივიყვანდი, წიგნი თემურის ხსოვნისთვის მიმეძღვნა. რას წარმოვიდგენდი, თუ ორივესთვის მომიწევდა მიძღვნა… ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველას ამ განსაკუთრებული მწერლისა და ადამიანის წასვლას.


შესვლა
რეგისტრაცია