რეცენზია

იქნებ დროა ვიყვიროთ…

ნატა ქაჯაია · №19 · 15 მაისი, 2025

პოლ ლინჩის „მისნის სიმღერა“ მეგობარმა მაჩუქა.

წიგნის ფესტივალზე აღმოაჩინა ბუკერის ჯილდოს მფლობელი ეს რომანი. მე კი მსუბუქს ველოდი, ასეთი ვთხოვე. ჩემს დასტრესილ გონებას ცოტახნით მაინც რომ მოასვენებდა და იმ მტკივნეულ რეალობას დაავიწყებდა, რომელშიც თითქმის რვა თვეა ვცხოვრობთ. მაგრამ საჩუქარმა პირველივე გვერდიდან ჩამავლო ხელი და ჩამიყოლა იმაზე უფრო დიდ შფოთვასა და გაურკვევლობაში, რისგან გაქცევასაც ვცდილობდი.

რომანის სიუჟეტი ირლანდიაში ვითარდება, სადაც მჩაგვრელი მმართველობა ნელ-ნელა და უხმაუროდ აფორმებს ავტორიტარიზმს – კანონის და წესრიგის სახელით.

ჩუმი და თითქმის უხილავი ძალადობა ადამიანების ცხოვრებას სრულიად ცვლის. საფრთხედ იქცევა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქმედებები – ბავშვების სკოლაში წაყვანა, ოჯახის წევრის მონახულება, მაღაზიაში წასვლა, ტელეფონზე დარეკვა, თანამშრომელთან ლაპარაკი, უცხოური არხების ყურება, საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობა… მოკლედ, ყოველდღიური რუტინა ყოველდღიურ შიშად იქცევა.

ქვეყანაც ინგრევა და ინგრევა აილიშიც ოჯახიც. მთავარი გმირის – აილიშის ქმარი უჩინარდება, შემდეგ უფროსი შვილი იკარგება. სახელმწიფო წნეხი ყოველდღე ძლიერდება.

რეჟიმი ხელმძღვანელობს პრინციპით „რაც მოეპრიანება, იმას გიზამს… გაგაქრობს და აგაორთქლებს…“ ტირანია მოქალაქეებს მოსამართ თოჯინებად უყურებს. ადამიანებს ამ დროს ანგრევს პოლიციის მუდმივი ლოდინი, დაპატიმრების მუქარა. ხალხს დაღამებისაც ეშინია, ღამეულ განცდებს ჩაბნელებულ ქუჩაში მანქანის გავლაც კი ამძაფრებს. ოჯახის ერთადერთი ზრდასრული წევრი ცდილობს ამ დროს ყოველდღიურობის – ნორმალურობის შენარჩუნებას, თუმცა ის სინამდვილეში აღარ არსებობს… გამოწვევაა რძის და ხორცის ყიდვა, მეხსიერებადაკარგული მამის მოსანახულებლად წასვლა ქალაქის ბოლოში ან მანქანით შვილების სკოლაში წაყვანა. ამ რუტინაში, აილიშის ქცევებში ჩემთვის წინააღდეგობის გაწევის სურვილი ჩანს, მაგრამ პარალელურად შოკისმომგვრელად გეჩვენება უმოქმედობაც.

დედას დაკარგული შვილის მოძებნა არ უნდა – ეშინია სიმართლე არ გაიგოს. ეშინია, რომ მისი ვაჟი ცოცხალი აღარაა. ქმარშვილდაკარგული ქალის ინერტულობის აღწერით ავტორი გვაჩვენებს, რა ხდება ტოტალური ძალადობის შემდეგ დასუსტებულ საზოგადოებებში, სადაც ადამიანები ვეღარ იღებენ გადაწყვეტილებებს, რადგან შიში ართმევს მათ რეაქციის უნარს და აღარ შეუძლიათ გაარჩიონ, რა სწორია და რა – შეცდომა. დუმილისა და ძალადობის ფონზე კი ნელ-ნელა იშლებიან, როგორც ადამიანები.

და აქ იაზრებ, რომ სიჩუმეც ტირანიის ისეთივე მოკავშირეა, როგორც ძალადობა.

როცა ამ წიგნს კითხულობ, ხან გგონია, რომ მთავარი გმირი – აილიში მოთმინებით იტანს ტირანიას, თუმცა ხან ასე საერთოდ არ ფიქრობ. რადგან პოლ ლინჩი არ გავიწყებს იმას, რაც ქალს არ ასვენებს. გამოფხიზლება ოჯახის მესამე წევრის დაკარგვის შემდეგ იწყება… და ამ დროს აილიში ხვდება, რომ რეჟიმის შეცვლა საკმარისი არ ყოფილა, თუ ძალადობით გინდა მოიპოვო თავისუფლება, შენც მჩაგვრელი ხდები, ზუსტად ისეთი, როგორიც წინამორბედი იყო. სიბრაზე გახრჩობს, როცა დედა საავადმყოფოდან გამქრალ შვილს, გაურკვეველი შენობის ბნელ ოთახებში ეძებს და შენ, მკითხველს, ამ დროს „ციხედ“ მხოლოდ ეს შენობა არ გეჩვენება, ის ქვეყანაა გისოსებში, სადაც აილიში ცხოვრობს. უფლებაწართმეული, ღირსებაშელახული და ძალადობაგაბატონებული. და ამ დროს იწყებ ფიქრს, რომ ჩვენც არ დაგვაგვიანდეს ყვირილი ნგრევამდე.

ისე არ აღმოვჩნდეთ, რომ როცა ვიყვირებთ, ვეღარავინ გაიგოს ჩვენი ხმა… ლინჩის წიგნშიც ასეა. დედა ყვირის, მაგრამ არავის ესმის, რადგან საზოგადოებას მჩაგვრელმა რეჟიმმა სმენა დაუხშო და სხვისი ტკივილის გულგრილად ყურება ნორმად აქცია.

წიგნში აღწერილი ირლანდია საქართველოცაა, რუსეთიც, ბელარუსიც და ალბათ სირიაც, მაგრამ რადგან ამ წიგნს აქ, თბილისში ვკითხულობდი, ის მე მხოლოდ ამ რეალობას მახსენებდა, ჩემს ქვეყანას, სადაც ადამიანები ყოველდღე დგანან არჩევანის წინაშე – წასვლა თუ დარჩენა? ბრძოლა თუ გაქცევა?.. და აილიშივით, ჩვენც წინასწარ ვიცით, რომ არცერთი პასუხი არ გვაძლევს გადარჩენის გარანტიას. თუ წავალთ – შეიძლება ჩათვალონ, რომ დავნებდით, თუ დავრჩებით – შესაძლოა გვერდით მყოფებიც ვეღარ ვნახოთ ხვალ. ამ წიგნის კითხვისას ყველაფერი ერთად ვიგრძენი: უმწეობა, სასოწარკვეთა, ბრაზი. უფრო დამაფრთხო პარალელებმა. შემაშინა ცოცხალმა მაგალითებმა. აქაც ხომ იჭერენ და არ ასამართლებენ? აქაც ხომ პატიმრობაში ჰყავთ გაუსამართლებლები… პროფესია ადვოკატი აქაც აღარაა საჭირო… აქაც დევნიან განსხვავებულ აზრს, აქაც ააჭრელეს სადარბაზოები სისხლისფრად დაწერილი სიტყვებით – მოღალატე, გამყიდველი და როცა კედლები აღარ ეყოთ, სახეში შეასხეს ქალ სამოქალაქო აქტივისტებს „ბრილიანტის მწვანე“.

ჩვენც არასწორი წარმოდგენებით ვიცხოვრეთ. აქაც გვეგონა, რომ მალე გაივლიდა, მაგრამ შევცდით. ალბათ ყველგან ერთნაირად ტყუვდებიან – როცა სჯერათ, რომ თავისუფლების მტერი რეჟიმი მალე გახდება იძულებული, წავიდეს. როგორც წიგნში, ჩვენთანაც მცირე შეზღუდვებით, თითქოს სამართლებრივი ჩარჩოებით დაიწყო, ჩვენც ვერ დავინახეთ ფეხაკრეფით მოახლოებული ტერორი. ირლანდიის მსგავსად, ის არც ჩვენთან დამდგარა ხმაურიანად – სისასტიკით, დაკავების მანქანებში წამებით, რობოკოპებით, ხელკეტებით, ფარებით და წყლის ჭავლით…

აქ 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების და თეთრი ფურცლების ხელში ჭერისთვის დაკავებებით დაიწყო… ჩაგვრა და დამცირებაც ნელ-ნელა შემოგვაპარეს. მერე კი ძალაუფლება არა ფარულად, არამედ შავწინწკლებიანი ბიულეტენებით მიიტაცეს. დღეს კი უკვე იმ ეტაპზე ვართ, როცა გამთენიისას, დაუკითხვად სახლის კარს გიმტვრევენ, ოჯახს გიწიოკებენ, ბავშვებს და ორსულებს აშინებენ. ხალხი სამართალს ქუჩაში ეძებს და არა სასამართლოში, რადგან ის უკვე დიდიხანია იაფფასიად შოუდ იქცა. და მაინც, ამ ფონზეც, ჩვენ მაინც ვდგავართ უხილავ ზღვარზე – მოქმედებასა და უმოქმედობას შორის.

იქნებ ზუსტად ახლაა დრო – ვიყვიროთ.


ᲛᲘᲡᲜᲘᲡ ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ
ᲛᲘᲡᲜᲘᲡ ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ
ᲞᲝᲚ ᲚᲘᲜᲩᲘ

პოლ ლინჩის რომანი „მისნის სიმღერა“ ასახავს ერთი ოჯახის ბრძოლას გადარჩენისთვის, როცა სახელმწიფოში ტოტალიტარიზმი მყარდება. სწორედ ბუკერის ჯილდოს მფლობელი ამ რომანით ვიწყებთ „ინტელექტის“ ახალ სერიას „21-ე საუკუნის პრემირებული წიგნები“.

წიგნის შეძენა →

შესვლა
რეგისტრაცია