რეცენზია

თამარ მღებრიშვილის ნულოვანი წერტილი

„უჩემობის”  ამბავი  

ნათქვამია, რომ არსებობს მხოლოდ ორგვარი ამბავი: ერთი, როცა გმირი მოგზაურობაში მიდის, და მეორე, როდესაც უცნობი ჩამოდის ქალაქში. თამარ მღებრიშვილის “სად არის სახლი?” უცნობის არა, მაგრამ გაუცხოებულის ჩამოსვლით იწყება.

„ჩამოვიდა დედაჩემი

დიდი ხნის შემდეგ და

მომიტანა უჩემობის

ის ოცი წელი.” 

„სად არის სახლი?” თამარ მღებრიშვილის პირველი პოეტური კრებულია, რომელიც, შეიძლება ითქვას, სწორედ ამ “უჩემობის” ოცი წლის ამბებით არის აკინძული, ხოლო ის, თუ როგორ რეზონირებს დროით და სივრცით ველში ეს გამოცდილებები, წიგნის დინამიკა ნაბიჯ-ნაბიჯ გვიხსნის და გვიცხადებს. 

„უჩემობა” მიმართებითი სიტყვაა და საკუთარი თავის ვინმესთან მიმართებაში არარსებობას გულისხმობს. კრებულის პირველივე ტექსტი პროვოკაციული ბუნდოვანებით  სავსე კითხვას აჩენს: ვის არ ჰყავდა პირველ პირში მთხრობელი ლირიკული გმირი?  ტექსტი არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს “უჩემობა” დედის პერსპექტივა და მასზე გადამხდარი ამბავი იყო –  ქალის, რომელიც შვილისგან მოშორებით დიდხანს ცხოვრობდა. ლექსი უფრო იმაზე მიგვანიშნებს, რომ დედამ ლირიკულ სუბიექტს საკუთარი თავის გარეშე ცხოვრების ამბავი შეუკრიბა, შეუგროვა და დასაკვირვებლად ჩამოუტანა. 

თუ ამ პოზიციას გავიზიარებთ, ტრაგიკული იმპულსიც გაცილებით იზრდება, რადგან „უჩემობა” არარსებობის იმდენად კულმინაციურ ფორმას განასახიერებს, სადაც პიროვნებას საკუთარი არყოფნის შესაცნობად ბიძგს ის ადამიანი აძლევს, ვინც  არსებობაში შემოიყვანა. გაცნობიერება კი სწორი ქრონოლოგიით იწყება – დაბადებით, საკუთარ ფიზიკურ არსებობაზე რეფლექსიით:

„მე დავიბადე 

ავადმყოფი გულით,

ნევრასთენიით,

ჩემზე ამბობდნენ,

რომ უმიზეზოდ 

დიდხანს ვტიროდი,

ფიზიკურ ტკივილს ვერ ვუძლებდი

და გულის წასვლა 

ჩემი ცხოვრების ისეთივე 

ნაწილი იყო,

როგორც გაღვიძება

და დილის ჩაი.”

წიგნი სამი კონცეპტუალური ნაწილისგან – „ბავშვობის სახლი”, „სიყვარულის სახლი” და „სამკვიდრო სახლი” – შედგება და ყოფნიდან არყოფნისკენ და პირიქით გვამოგზაურებს. პოეტური ქსოვილი და თხრობის მოქნილი ენა კი მკითხველისთვის  დამკვირვებელთან ერთად თანაგანცდის, თანამონაწილეობისა და თვითრეფლექსიის საშუალებას იძლევა. ტექსტები გამოირჩევა ღიაობით, თავისუფალია გონებრივი თამაშების და მანიპულაციებისგან, თითქოს მკითხველს მხოლოდ ისღა “ევალება”, გადაწყვიტოს, სურს თუ არა ამ სამყაროს თანაზიარი გახდეს და საკუთარი თავი ამ გარემოში იკვლიოს. ავტორი არ გვკარნახობს კონკრეტულ გზებს, არ გვთავაზობს გამზადებულ პასუხებს, უფრო მეტიც, ის თითქოს გამქრალია, არყოფნაში გაზავებული და არყოფნაზე უფრო მეტს გვიყვება, ვიდრე იმ ბიოგრაფიულ თუ ფიქციურ ამბებზე, რომლებიც ლირიკულ გმირს თავს გადახდა. 

სახლი, ხელი, სახელი – ზრუნვის, ქმნადობის და გაუქმების პოეტიკა 

სახლი კრებულის ცენტრალური სიმბოლოა. სახლი, როგორც ფიზიკური სივრცე, ყოველდღიური არსებობის განუყოფელი ნაწილია და ცხოვრების და  განვითარების ფუნდამენტურ სივრცეს წარმოადგენს, თუმცა თამარ მღებრიშვილის პოეზიაში ის მრავალჯერ იცვლის სახეს და სამყაროს და ყოფნის აღქმის პრიზმად იქცევა. 

სახლის სიმბოლო  მრავალშრიანია და თავის თავში სხვადასხვა შინაარსს, რწმენებსა და წარმოდგენებს, ისტორიულ გამოცდილებს, ემოციებსა და აღქმებს აერთიანებს.  თუ ამ თემებზე კვლევებს გავეცნობით, ვნახავთ, რომ ყველაზე მეტად სახლი მაინც  ფსიქოლოგიურ „მეს” რეპრეზენტაციად გვევლინება. სახლი არის ასევე გაშლილი სივრციდან გამოცალკევების შესაძლებლობა, მთლიანიდან ნაწილის გამოყოფის ფორმა. 

თამარ მღებრიშვილთან არსად ვხვდებით სახლის, როგორც ნაგებობის, დეტალიზებულ აღწერას, სახლის კონტურების და საერთო ფორმის მოხაზვაც მკითხველის წარმოსახვაზეა დამოკიდებული. ტექსტებში პერიოდულად ნახსენებია სახლთან დაკავშირებული ფრაგმენტები, რომლებიც გვეხმარება, წარმოსახვა კონკრეტული შინაარსებისკენ მივმართოთ, თუმცა, საერთო ჯამში, სახლის ფიგურა იმდენად დაწრეტილია მატერიალიზაციისგან, თითქოს სახლი თვითონვე ამბობს უარს საკუთარ ფორმირებაზე. 

„სულებს, რომლებიც იზრდებიან მარტოობაში,

აქვთ ბევრი კარი, აქვთ ბევრი სახლი

და ნასახლარი სახლზე მეტია.”

ან:

„ერთი ოთახიც კი ყველაფერს კარგად იტევდა:

ფანჯრებს უამრავს,

ფართო საწოლს,

წიგნის კარადას…”

ან: 

„როგორ დავკიდებთ მის ფანჯრებზე

ჩვენს გახუნებულ ტკივილს ფარდებად,

შენ შუქს აანთებ..”

რამდენადაც თამარ მღებრიშვილის სახლი თავის თავში უკვე მოიცავს სახლად ქცევის შეუძლებლობას, შესაძლოა, ეს არის სწორედ მთავარი ტკივილიც და სახლის მიმართ ჩუმი საყვედურიც. თუმცა ავტორისთვის შეუძლებლობა სწორედ ის ფენომენია, რომელთან ურთიერთობასაც ის არათუ გაურბის, არამედ მის მყოფობის და ტრანსფორმაციის გზად გარდაქმნას ცდილობს. რამდენადაც სახლის სიმბოლო წიგნში მყარ ფიზიკურ განზომილებას მოკლებულია, მისი მატერიალიზაციის მცდელობაც ერთგვარი ექსპერიმენტი და ბედისწერასთან თამაშის რუკად იქცევა. ის გამუდმებით მოძრაობს, დონ კიხოტივით დახეტიალობს და ავტორის მცდელობაც მისი მოხელთებისა, ქარის წისქვილებთან ბრძოლას ძალიან წააგავს. 

„ისევ ფეხშიშველი,

ისევ თავშიშველი,

ისევ ბავშვი ვარ და

ისევ გამოვრბივარ

უცხო სახლებიდან…”

საინტერესოა, რომ იუნგთან სახლის არქიტექტურულ ნაწილებს თავისი მნიშვნელობა აქვს. სახლიდან გამოქცეული ბავშვზე როცა ვკითხულობთ, ალბათ, უპირველესად, პირველი სართული წარმოგვიდგება თვალწინ. პირველი სართული იუნგის მიხედვით, პიროვნებას გამოხატავს. თუმცა სხვა ტექსტებში ასევე ვხვდებით მსგავს სურათებს:

„ყრუ კედლებია ჩემი ოთახი,

აქ არც ჰაერი ტრიალებს და

ცრემლით დანესტილს,

სულ დაავიწყდა ყველაფერი,

რაც მოისმინა…”

ან:

„წყლით სავსე ჯამი.

მური და ნახშირი.

თავთით დანის ტარი.

ჩურჩული ჩამესმის:

ნუ გეშინია, გულო!…”

მიუხედავად იმისა, რომ სართულებისა და ოთახების ზუსტი იდენტიფიცირება შესაძლებელი არაა, დახუთული გარემო, ყრუ კედლები და შელოცვის რიტუალი ძალიან წააგავს სარდაფის ატმოსფეროს, რომელიც იუნგის მიხედვით,  კოლექტიურ არაცნობიერს ეკუთვნის. მის კიდევ უფრო ქვეშ კი ადამიანის პრეისტორიული ფსიქიკაა. 

სახლთან დაკავშირებული მძიმე მეტაფორები წიგნში ბევრგან არ გვხვდება. თხრობის ენა და შინაარსობრივი სიმძიმე იმდენად დაშორებულია ერთმანეთისგან, ერთგვარ შეცბუნებასაც კი იწვევს. თუმცა სტილურ გემოვნებასთან ერთად ეს შესაძლოა მინიშნებაცაა იმაზე, რომ ლირიკული გმირის წარმოსახვამ სახლზე, მოგონებებმა, მასთან მისულმა სახლის ჩრდილებმა, მატერიაში გამოვლინება ვერ ჰპოვა. 

სად წავიდა მატერია? ალბათ, ამ კითხვაზე პასუხისთვის წიგნის არქიტექტურას უნდა დავაკვირდეთ. 

შინაარსობრივი და  სტილური თვალსაზრისით კრებულის სამივე თავი ისეა აგებული, რომ ერთ დასრულებულ, შეკრულ და ავთენტურ პოეტურ არქიტექტონიკას ქმნის. პოეტური ტექსტები ისეა ერთმანეთში ჩაწნული, რომ თითქოს ერთი მეორისგან გამომდინარეობს და შემდგომს უდებს სათავეს. წიგნის თითოეულ ნაწილს  კი, წამძღვარებული ეპიგრაფები  როგორც ჭერი, ისე ადევს. 

„ყველა სახლი ყინულია, მამის სახლის გარდა” – პირველი თავი სწორედ ამ ეპიგრაფით არის წარმოდგენილი და ყინულის მეტაფორით გამოხატულ დაძაბულობასთან ერთად იმედის, სიმყარის და ერთგვარი “დამიწებულობის” ატმოსფეროს ქმნის. ლექსებშიც აქა-იქ გაკრთება ის მყარი, მკვიდრი სახლი, რომელიც სხვა სახლებისგან განსხვავებით ყველაზე მეტად ჰგავს იმ სახლს, რომელსაც ყოველდღიურობაში ვიცნობთ და რომელიც უსაფრთხოებასთან, ფესვებთან, ძირებთან არის დაკავშირებული. 

„სახლს რომ შეეძლოს გამოდევნება,

ეჭვი არ არის, გამომყვებოდა….”

ამ ლექსში ავტორი გადაწყვეტილების მიმღებ პირად გვევლინება და არა პასიურ მიმღებად. ერთი შეხედვით, გაუგებარია, რატომ დატოვა ეს სახლი, როდესაც წიგნის მთავარი შეკითხვა სწორედ სახლის პოვნის საკითხს ეძღვნება. დავაკვირდეთ ტექსტებს:

„ათი სიკვდილი მაინც უნდა გამოიარო,

შიშველი ხელებით უნდა თხრიდე 

შენს ერთადერთ სახლს

და ცრემლებით უნდა აზავებდე ქვიშას და თიხას,

ხერხემალივით ამოგყავდეს სახლის კედლები…”

ამ ტექსტში ნახსენები სახლი ნამდვილად ტოვებს მატერიალურობის განცდას და უფრო მეტად არის კავშირში იმ სახლთან, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. თუ ასეა, რატომ დატოვა სახლი? რატომ გადაეშვა უსახლობაში? 

სხვა ლექსში ამბობს: 

„ყველაფერი შეიძლება თავიდან მოიშორო,

აგურ-აგურ ჩამოშალო

მამის სახლი – 

შენი საფლავი,

სადაც ვერასდროს დაგმარხავენ,

როგორც არ უნდა ეცადო 

და ათასჯერ მოკვდე,

ჯერ ხომ არავინ დაუმარხავთ

უმიწოდ და მხოლოდ ჰაერით…”

მიწა ამ შემთხვევაში საფლავის მიწას ნიშნავს, საფლავის მიწა კი აუცილებელი კუთვნილებაა. სტრიქონებში გამჯდარი სევდა კი იმაზე გვიყვება, რომ მთხრობელს არ აქვს სამკვიდრო არც სახლი, არც საფლავი და მას ვერ “დაიმსახურებ”, თუნდაც ათასჯერ მოკვდე. ტექსტი გვეუბნება, რომ სიკვდილიც ისეთივე ფასეული მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში, როგორც დაბადება. გარდაცვალებისთვის ყველაზე სწორი ადგილი კი დაბადების ადგილია. დაბადების და გარდაცვალების გათანაბრება კი ერთის გაუქმებით, ორივე ფენომენის გაუქმებას გულისხმობს. სახლის ძიება აქ სცილდება ფუძის, უსაფრთხოების, ოჯახური იდილიის ან ყოფიერებაში დაფუძნებისკენ სწრაფვას და ყველაზე ფუნდამენტური საწყისი წერტილების – დაბადების და გარდაცვალების – კვლევისა და ხელახლა აღმოჩენისკენ გვიბიძგებს. ამის მიუხედავად, ურთიერთსაპირისპირო ცნებებს – დაბადებასა და გარდაცვალებას, შორის დაძაბულობის მოხსნა მთხრობლის პირდაპირი მიზანი არ არის. აქ შედეგი არ აუქმებს პროცესს და მის მნიშვნელობას. ამის ნაცვლად, ტექსტებში სახლის ფიგურა გამუდმებით იცვლება, მეორე თავში კი შემოდის პირი, რომელიც ძალიან ჰგავს იმ სახლს, რომლის აშენებას, გადარჩენას ან კვლავ აღმოჩენას მთხრობელი სუბიექტი ცდილობს. 

„მე ავაშენე ჩემი სახლი ადამიანში,

ვინც წავიდა და თან წაიღო ყველაფერი… ”

სხვაგან კი მთხრობელი ლოკოკინადაა ქცეული და სახლს ზურგით მიათრევს:

„<…> ერთ დღეს წარმოვიდგინე, რომ საერთოდ არ ხარ,

ჩემთან კი არა, აღარც სხვასთან, აღარც მიწაზე

და დავემსგავსე იმ უხერხემლო ლოკოკინას,

სახლ-ნიჟარას რომ დღე და ღამე ზურგით დაათრევს.”

ამ ტექსტის მიხედვით, ძვირფასი ადამიანი ხერხემალია, რომლის უქონლობა, ერთბაშად მძიმეს ხდის იმას, რისი არსებობაც სხვა შემთხვევაში მსუბუქი შეიძლებოდა ყოფილიყო. ძვირფასი ადამიანის გარეშე სვლა ნელდება, სახლი ტვირთად იქცევა, ადამიანური არსებობა კი ლოკოკინისებურ ყოფად. კრებულში მრავლად არის ადგილები, სადაც ძვირფასი ადამიანის გარეშე ყოფნა ყველაფერს ერთბაშად აცლის აზრს, სისავსეს სიცარიელედ აქცევს. 

ამ ადამიანს მთხრობელი ზოგჯერ მეორე პირში მიმართავს, ზოგჯერ კი მესამე პირით მოიხსენიებს. ეს ადამიანი, როგორც ცალკე სუბიექტი, თავისთავად მნიშვნელოვანია, თუმცა პიროვნული განზომილების გარდა, არსებობისთვის აუცილებელ მიმართებითობას ქმნის. 

ფრანგი ფსიქოანალიტიკოსის ჟაკ ლაკანის მიხედვით, ჩვენ მხოლოდ სხვებთან მიმართებაში შეგვიძლია გავარკვიოთ ვინ ვართ. თამარ მღებრიშვილის კრებულში მთხრობელი სუბიექტის მცდელობა, საკუთარი თავი სხვასთან მიმართებით აღმოაჩინოს, მტკივნეულ გაცნობიერებებთან არის დაკავშირებული. ავტორი აცნობიერებს, რომ სხვა ადამიანების გადაწყვეტილებებში ჩარევა შეუძლებელია და ჩვენ არ შეგვიძლია სხვა ადამიანების დატოვება საკუთარ ცხოვრებაში, თუ ეს მათ თვითონ არ სურთ. თუმცა, ამ მოწყვლადობის პირისპირ ავტორი კვლავ უარს ამბობს პასიურ მიმღებლობაზე, ის პასუხისმგებლობას იღებს მაშინაც კი, როდესაც ცხოვრებაც და თამაშიც წინასწარ წაგებულია. პროცესის მიმართ პასუხისმგებლობა, ქმნადობაზე უარის ართქმა სწორედ ის რესურსებია, რომლებიც კრებულის მთავარ საყრდენ წერტილებს ქმნის. 

ავტორი პროცესის მიმართ ზრუნვით დამოკიდებულებას იჩენს. ტექსტებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნახსენები სახე არის ხელი, რომელიც შექმნის და ზრუნვის მაცოცხლებელ ძრავად იქცევა. ხელი ადამიანის სხეულის ის ნაწილია, რომელიც ფიზიკურ შრომასთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ხელია ის ტერიტორია, რომელზეც ფიზიკურად არის აღბეჭდილი, როგორ ცხოვრობს ადამიანი. ხელისგული კი ის ადგილია, რომელზე გამოსახული ხაზებითაც მკითხავები სიცოცხლის წლების ოდენობის დადგენას ცდილობენ. ხელი არის ორგანო, რომლითაც გარე სამყაროს ფიზიკურად ვეხებით და ამ შეხებაში ჩანს, რა განზრახვით ვურთიერთობთ მასთან. ხელი არის ერთგვარი ხიდი პოეტურ, იდეურ, შეგრძნებით სამყაროსა და მატერიალურ სამყაროს შორის. ხელი გადის ზრუნვის ფორმის ფუნქციიდან და ქმნადობის ფუნქციას იძენს. აქ არ იქნება გასაკვირი, თუ გაგვახსენდება მიქელანჯელოს ცნობილი ფრესკა „ადამის შექმნა’, სადაც ღვთიური სიცოცხლის მინიჭება სწორედ შეხებით ხდება. თუმცა ეს მეტაფორა პერიოდულად ტრაგიკულ სახეს იძენს, განსაკუთრებით ამ ლექსში:

„შენ დამიძახე,

მე შემიძლია უკვე წასული უკან   დავბრუნდე,

სიმძიმის თრევით დაგრძელებული

ჩემი ხელები წელზე მოგხვიო…”

ხელის მხატვრული სახე ვიზუალურ ხელოვნებაში აქტიურად გვხვდება. მაგალითად, თანამედროვე მხატვრობაში დიდი ადგილი უჭირავს სხეულის ნაწილების დეფორმირებულ ასახვას. ამ კუთხით გამორჩეულია თანამედროვე არტისტი, ბრაზილიელი მხატვარი ედუარდ ბერლინერი, რომლის ერთ-ერთი ნახატი მძიმე ექსპრესიულობით აჩვენებს სხეულისგან გამოცალკევებულ ხელს. საინტერესოა, რომ არც მკლავები და არც ხელის მტევანი  არ ქმნის სიცოცხლისგან დაწრეტილის შთაბეჭდილებას, არამედ თითქოს დამოუკიდებლად აგრძელებს ტორსის გამოცდილების მიხედვით ცხოვრებას. ფიზიკური გაცალკევება ვერ უზრუნველყოფს ფსიქიკურ გახლეჩას, რითაც მთლიანობის რღვევის ტრაგიკულობას კიდევ უფრო დამთრგუნველს და შემაცბუნებელს ხდის. 

„ხელით ვთხრიდი სამარეებს,

 ხელით ვრგავდი ყვავილებს…” 

ამბობს ავტორი და მინიმალისტური სისადავით გვიყვება დუალისტურ დაძაბულობასა და ანტაგონისტურ კონფლიქტზე, რომელიც ვერშეთავსების სევდითაა გაჯერებული. სხვა ლექსში ასევე წერს:

„არის ასეთი დაღლილობა,

როცა იღლები ხელის გაწვდენით,

ანდა პირიქით – 

როცა გიწვდიან ხელს და იღლები…”

მიუხედავად არაერთგზის დამდგარი სევდიანი შედეგისა, მიუხედავად სრული გაცემისა, იმედგაცრუებისა და უკიდურესი დაღლილობისა, ტექსტებში ჩანს არამხოლოდ არსებულის მიღების და მასში თანამონაწილეობის მზაობა, არამედ გასავლელი გზის ინტუიციური და გაცნობიერებული ცოდნა. ეს პარადოქსული ყოფა იმდენად თვითმყოფადია, აღარ აჩენს მის მიღმა არსებული მოტივების  შესახებ კითხვებს. მკითხველი თამამად მიყვება გრძნობად თუ ფაქტობრივ განზომილებებში არსებულ მიმართულებებს, რომელიც ერთდროულად ტოვებს მოულოდნელის და უკიდურესად ახლობლის შთაბეჭდილებას. თუ ამ გზას თამამად გავყვებით, აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ სახლი სახლად ვერ იქცა, მაგრამ მკაფიოდ გვაჩვენა ის სიმართლე, რომელზეც ავტორი წიგნის დასაწყიშივე ერთ-ერთ საკვანძო ლექსში წერს: 

„მე დავიბადე 

უსახელოდ,

ანდა უსახლოდ,

რადგან სახლია

ერთადერთი,

რაც გვარქმევს სახელს…”

ცხადია, აქ სახელში არ იგულისხმება სოციალური ურთიერთობებისთვის აუცილებელი ატრიბუტი. სახელის მეშვეობით ადამიანი მკვიდრდება ყოფაში და როგორც ინდივიდის, ასევე მთლიანობის ნაწილის ნიშნებს იძენს. რამდენად გაეცა პასუხი კრებულის სათაურად მოყვანილ კითხვას “სად არის სახლი?”, ცალსახად ამის თქმა არცაა შესაძლებელი. თუმცა, სწორად დასმული კითხვა ზოგჯერ არც საჭიროებს პასუხის გაცემას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ კითხვას პოეზია სვამს. 

ფრაგმენტულობის გადაძლევა, მულტისენსორულობა და თანამედროვე ეპოქა 

თამარ მღებრიშვილის კვლევა სახლის მიმართ უფრო არქაული ფესვებისკენ მიმართული მზერით ხდება, თუმცა, ამავდროულად ახერხებს, თანამედროვე ეპოქისთვის დამახასიათებელი ფრაგმენტულობის და დანაწევრების შესახებ მოგვითხროს. კონტაქტის შეუძლებლობა, სხეულის დეფორმაცია, დაღლილობა, იდენტობის გადააზრება თანამედროვეობისთვის კრიტიკული თემებია, მნიშვნელობებით თამაში და გამოხატვის მულტისენსორული ფორმები კი ამ ფრაგმენტულობის გადაძლევის, ტრანსფორმაციის შესაძლებლობას აჩენს. 

„მხოლოდ ზღვა მახსოვს,

ტალღები და ეგეოსის ლურჯი ქარები,

დღეს ფანტომები შენთან მოვლენ,

ამოგიყვანენ ფსკერის სიღრმიდან,

სადაც შარშან – თუ აღარც კი ვიცი,

რამდენი წლის წინ – 

მარტომ დაგმარხე…”

ან:

„ეს ალბათ უფრო ბუტბუტია,

ნერვის წვალება,

გულზე ლოდივით დაწოლილი

თეთრი სიმძიმე…”

ტექსტების მუსიკალურობა და ენობრივი სირბილე კრებულს  ერთიან გამად აქცევს, მოქნილი მხატვრული სახეები კი ვიზუალურ ხიდს აშენებს პოეტურ-შეგრძნებით გარემოსთან. ენის გამოყენების ოსტატობაც სწორედ ესაა – სხვა მედიუმებიც კი ახლობელი და ხელშესახები გახადოს.

ამგვარად, ტექსტები თანამედროვე ეპოქის კვლევისთვის მნიშვნელოვან რესურსად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რამდენადაც აღქმის სხვადასხვა არხიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების, მოწესრიგების, სისტემაში მოყვანის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. ხოლო დახურული და დასრულებული ფორმები არა იმდენად ჩაკეტილი გარემოს შექმნას ემსახურება, რამდენადაც არაფრისკენ მიქცევის სევდის სრულ ტრაექტორიაზე დაკვირვებას და მასთან ერთგვარ ექსპერიმენტსაც კი. 

ნულოვანი წერტილი

წიგნის ბოლო ნაწილი ტექსტებში ჩაშლილ მიმართებებს ლოგიკური კანონზომიერებით კრავს და აერთიანებს. აბსტრაქტული ცნებები, ადამიანები, ფიზიკური ტერიტორიები, კონკრეტული საგნები,  (არ)არსებობის ერთიან რუკაზე  მრავალწახნაგოვან წერტილებადაა განლაგებული.  მათ შორის არსებული წინააღმდეგობრივი მიმართებები კი როგორც ერთმანეთის გაუქმების, ასევე პირიქით, არსებობაში დარჩენის პირობას ქმნის.

კრებულის ბოლო ლექსი, სათქმელის ამოწურვაზე გვიყვება, ოღონდ მთხრობელს  თანამოსაუბრედ ისევ საკუთარი თავი ჰყავს. ავტორი მკითხველის მიმართ ბოლომდე გულწრფელი რჩება. ეს ერთგვარი პასუხისმგებლობის აქტიცაა, რამდენადაც არაფერია მისთვის უპირატესი ან ნაკლები. აქ ყველა ამბავი თავისთავად სახლია, რომელიც ავტორმა ისევ საკუთარი თავიდანვე შექმნა. თუ მივუბრუნდებით ამონარიდს “სახლს რომ შეეძლოს გამოდევნება / ეჭვი არ არის, გამომყვებოდა”, წიგნის დასასრულს ახალ პერსპექტივას იძენს. მას შემდეგ, რაც ავტორმა ყველა სახლში უკვე გაიარა, მთავარი მისიაც შესრულდა – სახლი  პერსონიფიცირდა, ავტორის მოძრაობა კი იქ შეჩერდა, სადაც ყველა ენერგიის ჯამი იყრის თავს – ნულოვან წერტილში.

ბოლოდან მეორე ლექსი ამ სტრიქონებით სრულდება:

“…ავდექი, ხელში ავიყვანე თოთო ბავშვივით

ეს ჩემი სული, ტყუილებით რომელსაც ვგუდავ
            და ვუმეორებ, არაფერი არ მოხდება აწი არასდროს,

არ გეტკინება, არც გატკენენ, არც დაეცემი.

ვუყვები ზღაპრებს, ამ ტყუილებს და ეძინება,

მე კი ვზივარ და უსხეულოდ ვუთენებ ღამეს.”

რა კვალს ტოვებს გამოცდილებები ჩვენზე? ბოლო ლექსში ავტორი გაღვიძების, ახალი დღის დაწყების გამოცდილებით შემოდის. თეთრეული გახამებულია, მზიანი დილაა, ყავის დალევაც შესაძლებელია. თუმცა დამთქნარება მაინც არ შეიძლება, რადგან ჯერ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გაკეთდეს, ჯერ არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან შეიძლება რაღაც ვერ შევაკავოთ, ვერ მოვიხელთოთ და იქნებ სახელიც ვეღარ დავარქვათ? 

„წამოვაყენე ჩემი თავი დილაადრიან,

გახამებული თეთრეული

გადავხადე

და დამთქნარებაც არ ვაცალე,

მივურბებინე ჭიქით ყავა,

გადავუწიე ბნელ ოთახში

მუქი ფარდები,

მზე შემოვუშვი.

ხელში კალამი მივაჩეჩე,

ფურცლის ნაგლეჯიც

და შევძახე:

ჰა, მეთქი, ახლა,

მიდი, დაწერე,

ოღონდ კი თავი

არ მიაბრუნო კუთხის სარკისკენ,

არ დაინახო შენი თავი,

შენს თავს თვალებში აღარ ჩახედო,

თორემ მიხვდები, რომ არაფერიაღარ დაგრჩა მისთვის სათქმელი.“

მაგრამ ეს შეძახილი მკითხველს ნამდვილად არ ეკუთვნის, და თუ კუთხის სარკისკენ ჩვენ გავიხედავთ, ვფიქრობ, ანარეკლში მთხრობელი და ყველა სახლი ერთად გამოჩნდება.  


ᲡᲐᲓ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲮᲚᲘ?
ᲡᲐᲓ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲮᲚᲘ?
ᲗᲐᲛᲐᲠ ᲛᲦᲔᲑᲠᲘᲨᲕᲘᲚᲘ

კრებულში „სად არის სახლი?“ ავტორი „სახლს“ განიხილავს არა მხოლოდ როგორც ფიზიკურ სივრცეს, არამედ როგორც პიროვნულ იდენტობასა და საყვარელ ადამიანს, რომლის დაკარგვაც უსახლკარობისა და გაუცხოების განცდას აჩენს.

წიგნის შეძენა →

შესვლა
რეგისტრაცია