ზოგიერთს უყვარს პოეზია და სხვა ლექსები
- პოლონურიდან თარგმნეს შოთა იათაშვილმა და ქეთი ქანთარიამ
პოეტების გენდერული ნიშნით დაყოფას მხარს მე არ ვუჭერ, განსაკუთრებით, როცა ეს სპეციალურ ანთოლოგიებს, პრემიებს, კვოტებს და მსგავს აქტივობებს ეხება, მაგრამ, ჩემი აზრით, შეიძლება ლაპარაკი იმ ტექსტების ძალიან ზოგად ხასიათზე, რომელსაც ქალი და მამაკაცი პოეტები ქმნიან, გამომდინარე განსხვავებული ფსიქოსომატური თუ სოციალური მდგომარეობებიდან. თუ ამ კუთხიდან შევხედავთ, ვფიქრობ, ვისლავა შიმბორსკა გამორჩეულად არატიპური ქალი პოეტია. იმ ქალ პოეტებს რომ დავაკვირდეთ, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში საკულტო ფიგურებად იქცნენ, დავინახავთ, რომ მათი საერთო მახასიათებელი მძაფრი ტრაგიკულობაა, რაც არცთუ იშვიათად თვითმკვლელობაშიც კი გადაიზრდებოდა ხოლმე (ალბათ არ ღირს, ჩამოთვლას მივყოთ ხელი). ირონიულობა, სარკაზმი, იუმორი მათ ნაკლებად ახასიათებთ. თუ ეს მძაფრი და დამღუპველი ტრაგიკულობა არა, მაშინ ესთეტიზაციისკენ სწრაფვა შეიძლება გაჩნდეს (იგივე ჩვენი ლია სტურუა). ერთი სიტყვით, ქალი პოეტები ათასნაირები არსებობდნენ და იარსებებენ, მაგრამ მათი შემოქმედების გვირგვინი ალბათ უფრო მაინც ასეთი სახისაა – აღსარებითი, დრამატული პოეზია. და თუ ვიტყვით, რომ ვისლავა შიმბორსკა ერთ-ერთი საკულტო ქალი პოეტია, თუნდაც იმიტომ, რომ ნობელის პრემიის ლაურეატია, მაშინვე დავინახავთ პრინციპულ სხვაობას ზემოთ აღწერილ სურათთან.
ის, პირიქით, ყველანაირად ცდილობს, არ იყოს ტრაგიკული და ესთეტიზაციასაც ტყვიასავით გაურბის. წერს ენობრივი გაპრანჭულობების და მეტაფორული გადახუნძლულობის გარეშე, პწკარედთან მიახლოებული უბრალოებით. მისი ლექსებისთვის საკმაოდ ხშირად დამახასიათებელია სქემატურობა, მყარი სტრუქტურები, და ყოველივე ამას აკეთებს იმიტომ, რომ რაც შეიძლება უკეთ გამოკვეთოს საკუთარი ბასრი ხედვა, მახვილგონივრული და გესლიანი, რომელიც პოლიტიკას, ხელოვნებას თუ ადამიანის ყოფას ერთნაირი ინტენსივობით ეხება და სულმუდამ რაღაც დადგენილი კრიტერიუმების გადაფასებას, ახალი რაკურსით ჩვენებას, გაკომიკურებას ცდილობს. ალბათ ამანაც გამოარჩია იგი პოლონელი პოეტების უძლიერეს თაობაში, მათ გვერდით დააყენა და მერე აამაღლა კიდეც.
ეს პუბლიკაცია გაგრძელებაა იმ სამუშაოსი, რაც ჯერ კიდევ 70-იან წლებში დაიწყო მიხეილ ქვლივიძემ და გააგრძელეს გივი ალხაზიშვილმა, ნათელა გავაშელმა, გია ჯოხაძემ, ეფემია ჭავჭანიძემ (ბოდიში, თუ ვინმე გამომრჩა). ანუ ვისლავა შიმბორსკა საკმაოდ უხვადაა ნათარგმნი ქართულად, წიგნებადაცაა გამოცემული და ამის მიზეზი ის მიმზიდველობაც უნდა იყოს, რომელიც ასეთ პოეზიას ახასიათებს – გამჭვირვალება, ინტელექტუალური სილაღე და როგორც ჩესლავ მილოში ამბობს, „თამაშის სული“.
შოთა იათაშვილი
კატა ცარიელ ბინაში
მოკვდე? – არა, კატას ასე ვერ მოექცევი.
რადგან ცარიელ ბინაში მერე
რაღა ქნას კატამ?
კედლებზე აძვრეს.
ავეჯს ტანით გაეხახუნოს.
არაფერი შეცვლილა აქ თითქოსდა, მაგრამ
შეიცვალა რაღაცა მაინც.
თითქოს არაფერს ძვრა არ უქნია,
არადა, მიყრილ-მოყრილია სუყველაფერი.
და ლამპაც კი არ ინთება საღამოობით.
კიბიდან ფეხის ხმა მოისმის,
მაგრამ არაა ეს ის ნაბიჯი.
ხელიც, თეფშზე თევზის დამდები,
ის არაა, ადრე რომ დებდა.
რაღაც ჩვეულ დროს,
ძველებურად აღარ იწყება.
რაღაც აღარ ხდება აქ ისე,
როგორც წესით უნდა ხდებოდეს.
იყო აქ ვიღაც, იყო და იყო,
მერე უეცრად გაუჩინარდა
და აღარ ჩნდება ასე ჯიუტად.
კარადებში შეიხედა.
თაროები მიმოირბინა.
შეეჭეჭყა ტახტის ქვეშ და გადაამოწმა.
აკრძალვაც კი დაარღვია
და ფურცლები მიმოაბნია.
რა შეიძლება რომ ქნას კიდევ?
წათვლიმოს და ელოდოს ალბათ.
ერთი დაბრუნდეს ის ბინაში,
ერთი გამოჩნდეს.
მაშინ გაიგებს,
რომ კატასთან ასე მოქცევა არ შეიძლება.
მისკენ ისე წავა, თითქოსდა
სულ არა აქვს ამის სურვილი,
ნელა-ნელა და ფეხათრევით,
თათებით – მწყრალით და გაბუტულით.
არანაირი შეხტომები და დაკნავლებები
არ იქნება პირველ წუთებში.
ზოგიერთს უყვარს პოეზია
ზოგიერთს –
და არა სუყველას.
სუყველადანაც ბევრს კი არა, არამედ ცოტას.
რამდენია არადა სკოლა, მომთხოვნი ამ
სიყვარულისა,
პოეტი კი
სულ იქნება ათასში ერთი.
უყვართ-მეთქი –
მაგრამ ასე მაკარონის წვნიანიც უყვართ,
ასე უყვართ ქათინაური და ზეცის ფერი.
უყვართ ძველი თავსაკრავები,
უყვართ რაღაცის ამოჩემება,
ფერება ძაღლის.
პოეზიაც-მეთქი,
ოღონდ რა არის იგი?
სათუო პასუხს იძლევიან
ამ კითხვაზე საკმაოდ ხშირად.
მე კი არ ვიცი, აზრზე არ ვარ და ამ არცოდნას
ჩავფრენივარ, როგორც მოაჯირს.
ელა ზეცაში
ევედრებოდა,
ღმერთს მთელი გულით ევედრებოდა,
რომ თეთრ,
ბედნიერ გოგოდ ექცია.
ხოლო ასეთი ცვლილებები თუ უკვე ძალზე
გვიანი იყო,
მაშინ, უფალო, შემომხედე, რამოდენა წონა მაქვს და
ნახევარი მომაშორე მაინც ამისო.
მაგრამ მოწყალე ღმერთმა უთხრა „არა“ და მხოლოდ
ხელი დაადო გულისფიცარზე.
ყელში ჩახედა, მოეფერა აგრეთვე თავზე.
და როდესაც დამთავრდება ეს ყველაფერი – ასე
დასძინა –
გამახარებ, რომ მესტუმრები,
ჩემო შავო ნუგეშო და ჯირკო, ტკბილად ამღერებულო.
რუკა
ბრტყელი ისე, როგორც მაგიდა,
რომელზედაც გადაშლილია.
არაფერი მოძრაობს მის ქვეშ
და არ ეძებს გარეთ გასაძვრომს.
ზემოთ – ჩემი სუნთქვა, რომელიც
ქარიშხალს არ ქმნის.
და არ ეხება
არც მის ზედაპირს.
მისი ჭალები და ველ-მინდვრები მწვანეა მუდამ,
მაღლობები, მთები – ყვითელი და ყავისფერი,
ხოლო ყველა ზღვა და ოკეანე
შემოფლეთილ კიდეებზე – საამოდ ლურჯი.
აქ ყველაფერი პატარაა, ცხვირწინაა და მისაწვდომი.
ფრჩხილის წვერით შემიძლია, რომ ვულკანებს ყელი
შევუკრა,
დენის ბოძებს გადავუსვა შიშველი ხელი,
უხელთათმანო,
შემიძლია, რომელიც გნებავთ, ის უდაბნო
მოვაქციო ჩემს ერთ მზერაში
იმ მდინარესთან ერთად, იქვე რომ მიჩუხჩუხებს.
ტყეები აქ მონიშნულია რამდენიმე ხით
და მათ შორის ვერ დაიკარგები.
აღმოსავლეთსა და დასავლეთში,
ეკვატორის ზემოთ და ქვემოთ –
სიჩუმეა ისეთი, რომ
ყაყაჩოს თესლის მიმობნევის ხმაც კი არ ისმის,
და თითოეულ შავ მარცვალში ვიღაცა ცხოვრობს.
ხოლო საძმო სასაფლაოებს და ნანგრევებს,
უცებ გაჩენილს,
სულ ვერ იპოვი ამ ნახატებში.
თვალი ისე წვალებით ამჩნევს ქვეყნების საზღვრებს,
ყოფნა-არყოფნის საკითხს ვერაფრით ვერ წყვეტენ
თითქოს.
რუკები მიყვარს, რადგან ისინი იტყუებიან,
რადგან მალავენ ბოროტ სიმართლეს.
რადგან სულგრძელად და კეთილი იუმორით
მიშლიან ხოლმე მაგიდაზე
იმქვეყნიურ ქვეყნიერებას.
სამი ყველაზე უცნაური სიტყვა
სიტყვა „მომავალს“ რომ წარმოვთქვამ,
პირველი მარცვალი უკვე წარსულს
მიმავალია.
სიტყვა „სიჩუმეს“ რომ წარმოვთქვამ,
უჩინოს ვხდი მას.
სიტყვა „არაფერს“ რომ წარმოვთქვამ,
ისეთ რამეს ვქმნი, ვერანაირი არყოფნა რომ
მას ვერ დაიტევს.
ვერმეერი
სანამ ეს ქალი რეიკსმუზეუმის
დახატულ ყუჩ მჭვრეტელობაში
თიხის ქილიდან თასში ასხამს
რძეს ყოველდღიურად,
არ იმსახურებს ჩვენი სამყარო
მეორედ მოსვლას.
ღრუბლები
თუ ღრუბლებს აღწერ,
საჭიროა იჩქარო ხოლმე –
ისინი ხომ ყოველწამიერ
იცვლიან სახეს, ხდებიან სხვანი.
მათი თვისება არის,
არასდროს გაიმეორონ
ფორმა, იერი, თანწყობა, პოზა.
მეხსიერება არ ამძიმებთ და
თავისუფლად იტოვებენ ყველაფერს უკან.
მოწმეებად ვერ ივარგებენ –
კისრისტეხით გარბიან ხოლმე ოთხსავე მხარეს.
და ღრუბლებთან შედარებით
ცხოვრება ჩანს მეტისმეტად საფუძვლიანი.
ძალიან მდგრადი და თანაც ლამის მარადიული.
ღრუბლებს ქვემოთ კი
ქვაც ისე ჩანს, როგორც ღვიძლი ძმა.
მას შეგიძლია დაეყრდნო მტკიცედ,
მაშინ, როცა ღრუბლები არიან შორი, ცუდი
ბიძაშვილები.
ადამიანებმა იცხოვრონ, დაე, ისე, როგორც
გაუხარდებათ.
მაინც ერთურთის მიყოლებით მოკვდებიან ყველანი
ბოლოს.
მაღლა მყოფ ღრუბლებს არაფერი ესაქმებათ
ამ ყველაფერთან,
გასაოცართან.
მთელი შენი არსებობის და
ჩემი, ჯერ არ გასრულებული ცხოვრების თავზე,
ისე დადიან აღლუმებად, უვლიათ როგორც.
მოვალენი არ არიან, ჩვენთან ერთად რომ დაიხოცონ.
თვალისჩინი არ სჭირდებათ, რათა იცურონ.
ხახვი
სულ სხვაა ხახვი.
შიგნეული არ გააჩნია.
ხახვი ისაა, რაცაა და
თან სიხახვის სრულ ხარისხამდე.
გარეგნულად ხახვურია და
ხახვისებრია გულისგულამდე,
საკუთარ თავში რომ ჩაეხედა,
ვერაფერი გააოცებდა.
ჩვენში კი არის რაღაც უცხო, რაღაც ველური,
დაფარული სიფრიფანა კანით, სულ ოდნავ,
სამედიცინო ჯოჯოხეთია,
ძალადობის ანატომია.
ხოლო ხახვში მხოლოდ ხახვია.
არა ნაწლავნი, ერთმანეთში გადახლართულნი.
ის მრავალგზის ტიტველია და
საკუთარ თავს ჰგავს უსაშველოდ.
ეჭვს არ ბადებს, რომ ხახვი არსებობს,
ვარგისია, როგორც ქმნილება.
ერთში მეორე უბრალოდ ზის და
დიდში პატარა ჩახვეულია,
შემდეგში კი მომდევნოა,
და მესამეც, და მეოთხეც იქვეა ხოლმე.
ფუგა არის ცენტრისკენული.
ექოა, ქოროდ ხმაშეწყობილი.
კარგად მესმის, თუ რაა ხახვი:
უნატიფესი მუცელია ამ ქვეყანაზე.
ის თავისი შარავანდედით
იხდის საფასურს საკუთარი ქება-დიდების.
ჩვენში – ქონია, ნერვი, ძარღვები,
ლორწოები და საიდუმლონი.
ისეთ სრულყოფილ იდიოტიზმზე,
ხახვს რომა აქვს, უარი გვეთქვა.


