რეცენზია

დავით ქაშიაშვილის პროზა – მეტაფორული რეალიზმი და ქვეცნობიერის მაგია

იქ ბედნიერი არავინაა, იქ ყველა საკუთარი დემონებით იტანჯება, ტკივილები ხრავენ და მეტასტაზებივით უნადგურებენ ცოცხალ უჯრედებს. ასეთია ლიტერატურული გმირების ის სამყარო, რომელიც დავით ქაშიაშვილის პროზაულ ნაწარმოებებში შეიქმნა. ერთმანეთისგან განსხვავებულ სამ რომანს ყველაზე მეტად საერთო ტკივილი აერთიანებს, – ბავშვობის ტრავმები, უსიყვარულობა და ჰედონიზმსა და მორალს შორის გაორებული პიროვნებები.

„მორნიბიე კაჰ” დავით ქაშიაშვილის პირველი რომანია, ხოლო გამოცემულ რომანებს შორის ბოლო “ვირთაგვა”. ლიტერატურული პრემია “ლიტერა” მან რომანისთვის “რაღა დროს ტექნოა” მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ სამივე წიგნი სხვადასხვა ჟანრისაა, მაგიური რეალიზმის ხაზი სამივეს მიჰყვება, – პირველს ყველაზე მძაფრად, მეორეს ეპიზოდებს შორის, მესამე ნაწარმოებში კი სტრიქონებს მიღმაა ჩაკარგული, თუმცა მახვილი თვალი მაინც მიაგნებს. 

I 

მორნიბიე კაჰ 

„მზე მოიპარეს”, იტყვის რომანის პროტაგონისტი და გამოფხიზლდება სადღაც, უჩვეულო შეგრძნებით, უჩვეულო ადგილას. ის მნათობს დაეძებს და მზეწართმეული ქვეყნის ამბავი მთელი რომანის მთავარ ლაიტმოტივად იქცევა. 

რომანის პროტაგონისტის სახელია „ვინმე”. მისი წარსული და ვინაობა ბუნდოვანია, მხოლოდ დროდადრო ვიგებთ, რომ ჰყავდა ცოლი და შვილები, რომ ერთ დროს მის ცხოვრებაში არსებობდა ვიღაც, ვინც „არ უყვარდა და თან მასზე მეტადაც არავინ ჰყვარებია”. ალბათ ვინმეს საკუთარი სახელი აღარც ახსოვს, მისი მეხსიერება დანაწევრებულია, დაფლეთილი.

დროდადრო ტბისთვალებიანი ქალი ახსენდება, მაგრამ არავინ იცის, ვინ არის ეს ქალი ან თუ არსებობდა რეალურად?! ვინმე ნაცვალსახელიცაა და ამავდროულად, არქეტიპი სამყაროებს შორის დაკარგული ადამიანისა.

მზის გამტაცებელთა ძიებაში „ვინმეს” მოგზაურობა უჩვეულო და შემზარავია. ქალაქები, სადაც იგი ღამეს ათევს, არქეტიპულ სახეებს და სიმბოლოებს უკავშირდება. ფრთებით გადაბმული ცალფეხა წეროების ქალაქში სრული მორჩილებაა დასადგურებული, – აქ ჩიტებს ფრენა აღარ ახსოვთ. რომც გაახსენდეთ, დამოუკიდებლად ვეღარც გაფრინდებიან, რადგან ფრთებით მიკრულან ერთმანეთზე. ეს ადგილი თავისუფალ ნებას ართმევს, ღია ცის ქვეშ გაშენებული საპყრობილეა. ხეებზე გიგანტურ ბუდეებში წეროების ოჯახები ბინადრობენ. წეროები ადამიანებივით არიან, – ლაპარაკობენ, უყვართ, ღალატობენ და სექსი აქვთ. 

თუ „მორნიბიე კაჰ” საიქიოს გზამკვლევია, შემთხვევითი არ არის, რომ მთავარი გმირი პირველად წეროების ქალაქში ხვდება. იაპონურ, კორეულ და ჩინურ მითოლოგიაში წეროები იმიერი და ამიერი სამყაროს გამყოფი ფრინველები არიან. მათი როლი აჩრდილთა მეგზურობასაც მოიცავს. ბერძნულ მითოლოგიაში კი წერო გმირების მეგზურადაც გვევლინება, მაგრამ “მორნიბიე კაჰ”-ის წეროებს არამც თუ გმირების მეგზურობა, ფრენაც მივიწყებული აქვთ. სიმხდალეში მცხოვრები, თავისუფლებაწართემეული წეროები კარგავენ არქეტიპულ მისიას და მხოლოდ ერთ ძალას ემონებიან. ეს უხილავი ძალა ტრიადის, – სიბნელის, სიმხდალის და სასოწარკვეთის ერთიანობაა. ამით რომანის ყოველი პერსონაჟია დაავადებული, რადგან „მორნიბიე კაჰ”-ის სულიერ არსებებს შორის ყველა უბედურია, მოგონებებში შემორჩენილი აჩრდილებისთვისაც კი ბედნიერება უცხოა. მათი მოგონებები იმდენად არეულია, რომ სიმართლისა და ტყუილის გარჩევა თავადაც უჭირთ.

ამ ნაწარმოებში ყველა კანონზომიერება დარღვეულია. მორღვეულია პროზის მთავარი თარგიც, – პროტაგონისტის მკვეთრი პორტრეტი. ეს „ქაოსი” მწერალმა მიზანმიმართულად შექმნა. შესაძლოა, ბუნდოვანებაც იმითაა განპირობებული, რომ მთავარი გმირი სხვა არავინაა, თუ არა მკვდრების სამყაროში ახლადგადასახლებული, ახლადგარდაცვლილი ადამიანი. იქნებ მისი მოგონებებიც ამიტომაა ნასლში ჩაძირული, ფრაგმენტული, ხოლო შეგრძნებები დაქვეითებული?!

ეგვიპტური მითოლოგიიდან მოყოლებული, ბუდიზმის და ინდუიზმის მოძღვრების ჩათვლით, გნოსტიციზმის გათვალისწინებით, ადამიანი გარდაცვალებისას ცნობიერებას სრულიად შლის ან სანახევროდ ივიწყებს. მაგალითად, ბერძნულ მითოლოგიაში არსებობს მდინარე ლეთე, რომელიც მკვდრების ქალაქში გაშლილ ველზე მოედინება და ვინც ამ წყალს დალევს, წარსული ავიწყდება. გნოსტიკურ კოსმოლოგიაში დავიწყება ცოდვების ხელოვნურად მიტევებას უკავშირდება, ხოლო სულის სიმშვიდისთვის საჭიროა სულს ახსოვდეს და თავისუფალი ნებით მიუტევოს. 

რომანს კიდევ ერთი გამორჩეული გმირი ჰყავს. ასეთ პერსონაჟს ანთროპომორფული სახით ლიტერატურაში ხშირად შეხვდებით, მაგრამ არა ამ ფორმით. მისი სახელი ამელიაა. რთული სათქმელია, ვინ ან რა არის ამელია. როცა „ვინმე” მოტაცებული მზის საძებნელად მიემგზავრება, მის წინ ერბოკვერცხის გულიდან იბადება უშნო ჰომონკულუსი, – მდედრობითი სქესის არსება კარტოფილის თავით, წარსულში უარყოფილი და რამდენჯერმე გარდაცვლილიც. ავტორი მიგვანიშნებს, რომ „ვინმესთვის” ამელია ხელახლა იბადება და დებს პირობას, რომ მომავალშიც მკვდრეთით აღდგება. შესაძლოა, მკითხველი დაიბნეს კიდეც, რატომაა ეს თითისოდენა ქალი კარტოფილის თავით. სავარაუდოდ, არც ეს არქეტიპული პერსონაჟია შემთხვევითი. შუა საუკუნეების ევროპულ ფოლკლორში არსებობდა ჯადოსნური მცენარე მანდრაგორა, – კუდიანებისა და ავსულების საყვარელი მცენარე. მანდრაგორა ადამიანის ფორმის კარტოფილს ჰგავს, რომელსაც რძის წვეთი სიცოცხლეს უბრუნებს, სისხლის წვეთი კი ბოროტებას აღუძრავს. ამელიაც მანდრაგორაა, ბნელით მოცული, მაგრამ არა ბოროტი, არამედ დამსერავი ტკივილის მატარებელი. განცდილი ტკივილი ერთი ცხოვრებისთვის იმდენად მძიმეა, გარდაცვალება უწევს ამელიას, სხვადასხვა ფორმით და სხეულით რომ ზიდოს სიყვარული, ძალადობა და უარყოფა ერთდროულად. 

ვინ მოიტაცა მზე? ან ვინ არის მორნიბიე კაჰ?! რომანის დასრულებამდე ეს კითხვა მკითხველის გონებას არ ტოვებს. მზე მკურნალია და სწორედ მორნიბიე კაჰის მეტასტაზებით სავსე ტვინი უნდა განკურნოს. მზის სხივი რძის ბოთლით მთავარ გმირსაც თან დააქვს. ამ ბოთლში გამომწყვდეული შუქი ერთადერთი სინათლეა მთელ წყვდიადში, რომელიც “ვინმეს” ამბავში გაბატონებულა. სიბნელე ფესვგადგმულია ყველა ტაეპსა და ეპიზოდში, ყველა პერსონაჟის დაბინდულ გონებაში, ყველა ქალაქში და ყველა ფურცელზე, რასაც მკითხველი ეხება. რომანს სუნი რომ ასდიოდეს, “მორნიბიე კაჰს” ის სუნი ექნებოდა, ტერმინალური სტადიით დაავადებულთა ჰოსპისში რომ დგას ხოლმე, მაგრამ ამ სუნს დროდადრო რძის სუნიც ერევა. ალბათ ეს წიგნი მართლაც საიქიოს გზამკვლევია უკურნებელი სენით გარდაცვლილთათვის. 

მწერალი საიქიოს რუკას, გზამკვლევს ქმნის, რომლის კარიბჭე ცალფეხა წეროების ქალაქში მდებარეობს. უკურნებელი სენით დაავადებულთა იმქვეყნიურ საუფლოში ერთადერთი მკურნალი მზეა, – სიცოცხლის წყარო, ხელახლა დაბადების იმედი და უანგარო სიკეთის სიმბოლო. თუ ფრიდრიხ ნიცშეს დავუჯერებთ, მზე ერთადერთი სულგრძელი ქმნილებაა სამყაროში, რადგან სინათლეს და სითბოს ისე გასცემს,  სანაცვლოდ არაფერს ითხოვს. 

II

რაღა დროს ტექნოა

აჩრდილთა სოფელზე თუ გსმენიათ? მაგიური რეალიზმისა და გოთიკური ნაწარმოებების წიაღში არსებულ ასეთ ადგილს გეოგრაფიულად ვერავინ მიაგნებს, მხოლოდ წარმოსახვით თუ მოხვდება. იქ უცნაური გმირების არქივი დაგხვდებათ. ზოგი დიდი ხნის გარდაცვლილია, ზოგიც ნახევრად ცოცხალი, ზოგი კი ცოცხალ-მკვდარია, მაგრამ ცოცხალთა სამყაროში გაქცევას ცდილობს. ასანა, ალიკა და მათეც მათ შორის არიან, სიცოცხლის საძიებლად გაუცნობიერებლად გაქცევას რომ გეგმავენ დასახული გეგმის გარეშე.

„რაღა დროს ტექნოა” მრავალფეროვანი ლიტერატურული გმირებით სავსე რომანია. აქ ეროტიკული სცენებიც ყველაზე მძაფრია და მომაკვდინებელი ცოდვებიც ზედმეტად თვალსაჩინო. 

რომანის მთავარი გმირი, ერთი შეხედვით, მოზარდი ასანაა, მაგრამ მალევე ვხვდებით, რომ ასანას ირგვლივ მბრუნავ სამყაროში ყველა გმირი მნიშვნელოვანია, ყველას საკუთარი მისია აქვს. მოზარდების „სამება”: მშობლებისგან უარყოფილი ასანა, სმენადაქვეითებული ალიკა და ნაადრევად დაობლებული კრიმინალი მათე აჩრდილთა სოფლის გონება არიან, – აპარატზე მიერთებული ტვინი, რომელიც კომიდან უნდა გამოვიდეს. თავისებურად სამივე სასტიკია, ერთ-ერთი მათგანი გარყვნილიც კი, მაგრამ ზოგჯერ მათი ჩადენილი სისასტიკე პასუხია უსამართლობაზე. სამივე მათგანის ერთგულება ერთმანეთისადმი, დროდადრო გამოვლენილი სიმხეცე და დროდადრო გაღვიძებული თანაგრძნობა სინათლის ძიებაში მყოფ ონტოგენურ სახეხატს ქმნის. 

თუ ეს სამება გონებაა, აჩრდილთა სოფლის გული მოხუცი ნინია უნდა იყოს. ეს შვილმკვდარი ქალი, მწერლის თქმით, ნაწილ-ნაწილ კვდება. ნინიას სიკვდილი ყველაზე საზარელი ფორმით ეწვევა, ნელ-ნელა ჭამს, აღსასრულის წინ კი ათწლეულებით ადრე გარდაცვლილი შვილი იოაკიმე სტუმრობს. ნინიას მთელი ცხოვრება მცირეწლოვანი იოაკიმეს სიკვდილის გამო გლოვაა, იოაკიმეს დატოვებული სიცარიელე ვერცერთ შვილს ვერ შეუვსია. ეგოიზმია ერთგვარი, იგლოვო ბავშვი, რომელსაც მხოლოდ თვეები იცნობდი და ნაკლებ დარდობდე მათზე, რომლებიც წლების განმავლობაში ზარდე. ეს საყვედური თითქოს სტრიქონებს შორის იკითხება, ოღონდ მორალისტური, დიდაქტიკური ტონის გარეშე და მაინც, სადღაც იძებნება საყვედური მოხუცი დედისადმი. იქნებ ამიტომ ხდება მისი ვაჟი, ასანას მამა, ასეთი ცივსისხლიანი, იქნებ ამით იძიებს შურს დედის მარადიულ გლოვაზე?! 

იოაკიმეს მკვდრების საუფლოდან რომანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟი, ყვითელი ხარი აბრუნებს. ეს ყვითელი ხარი კინემატოგრაფიულ სახეს გავს. ის სხვადასხვა ეპიზოდებში მოულოდნელად ჩნდება და ქრება. მისი სიყვითლე ოქროსფერი არ გეგონოთ, ის არც ოქროს საწმისის ალუზიაა და არც დიდების. აჩრდილთა სოფლის ყვითელი ხარი ამ სოფლის სულია, მოხეტიალე იმიერ და ამიერ სამყაროებს შორის. სწორედ მისი რქით იხსნება მკვდების კარიბჭე და პატარა იოაკიმე დედას უბრუნდება, ოღონდ ისე, რომ მის სიახლოვეს მხოლოდ მომაკვდავი ნინია გრძნობს, – სოფლის გული, რომელსაც “სული ნაწილ-ნაწილ ამოსდის”. 

რატომ ჰქვია რომანს „რაღა დროს ტექნოა”? ამ კითხვაზე პასუხს მკითხველი ბოლო თავებში პოულობს, – სოფლიდან შორს, ერთ-ერთი ღამის კლუბის ტუალეტში, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი ორალური სექსითაა დაკავებული. 

ნაწარმოებში აღწერილი ყოველი ეროტიკული სცენა არაესთეტიკური ესთეტიკაა, არავულგარული, არამედ წმინდაწყლის ჰედონისტური ვნებების გამომხატველი. მწერალი ყველაზე ღრმად ჩამარხული ველური სურვილების პორტალს აღებს და ერთ-ერთ პერსონაჟს, სიყვარულის ძიებაში მყოფ ქალს, სახელად ლელოს, „აიძულებს” იქამდე არნახულ თავისუფლებას ეზიაროს. ლელოს სიყვარული ვნებიანი და უანგაროა, ვალდებულებები არ სჭირდება, არაფერს ითხოვს სანაცვლოდ. ლელოს შვილი, სმენადაქვეითებული ალიკაც ასეთია. ძმასავით მხოლოდ ასანა უყვარს, ხოლო სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, გარდა მის გვერდით მდუმარედ ყოფნისა. 

სოფელში, სადაც ყვითელი ხარი და ყვავები ერთად ცხოვრობენ, ძველი მონასტერი დგას. ამ მონასტერში მცხოვრები მღვდელი შავი მაგიით გატაცებული პედოფილია, რომელიც მათეს მოჯადოებას ცდილობს. პედოფილი მღვდლის პერვერსიაც მათეს სტიგმატებად აესახება იმ დროს, როცა სოფლის დატოვებას გადაწყვეტს. 

„რაღა დროს ტექნოას” სოფელში გამუდმებით წვიმს. ერთი მხრივ, ხუან რულფოს „პედრო პარამოს” კომალას, მეორე მხრივ გაბრიელ გარსია მარკესის მაკონდოს მოგაგონებთ, თუმცა აქ ყველაფერი იმდენად ქართულია, რომ ლათინოამერიკული ალუზიაც წამსვე იცვლება რაღაც ავთენტურით, რაღაც ისეთით, რაც მხოლოდ ამ პროზაულ ნაწარმოებში არსებობს. 

რომანს თან გასდევს მუდმივი შფოთვა, რა მოხდება ბოლოს, რომელიმე ბავშვი ხომ არ შეეწირება ამ უამინდობას, ჩატეხილ ხიდებს ან ხანძარს?! მაშინაც კი, როცა ყველაფერი განადგურებულია, სადღაც მაინც ჩნდება მილიმეტრიანი იმედი, – ახალი გულის ფეთქვა ლელოს დაბერებულ საშვილოსნოში. ავტორი სტრიქონებს შორის თითქოს მიგვანიშნებს, რომ ახალი სიცოცხლე აჩრდილთა სოფელს ოდესმე ჯადოს ახსნის.

III

ვირთაგვა

თუკი სხვა რომანების ეპილოგში იმედის წვეთი მაინც რჩება, „ვირთაგვას”დასასრული უიმედოა. ეს არის ნაცრისფერი რომანი ნაცრისფერ ქალაქზე  ნაცრისფერი ეპიზოდებით, სადაც ბავშვობის ტრავმებსა და მძიმე აწმყოს შორის გამოკეტილი პროტაგონისტი არსებობს, – არ ცხოვრობს, არამედ არსებობს.

მთავარი გმირი 39-40 წლის ჟურნალისტი და თსუ-ს პროფესორი მერაბ მინდელია. წიგნის კითხვის დაწყებისთანავე, შესაძლოა, ვინმეს კნუტ ჰამსუნის „შიმშილის” ალუზია გაუჩნდეს, მაგრამ მალევე მიხვდება, რომ კონცეპტუალური ტრაექტორია სხვა მიმართულებით ვითარდება. ჟანრი ბოლომდე დაუდგენელია, ისევე როგორც დაუდგენელია მინდელის ემოციური მდგომარეობა. პროზაული ნაწარმოების სიუჟეტი ავტორიტარულ რეჟიმში ვითარდება: პოლიტპატიმრები, რეპრესიები, დრაკონული კანონები, ზონდერჯგუფების ძალადობრივი ეკოსისტება, – ყველაფერი, რაც დღევანდელ საქართველოში ხდება, რომანშიც მეორდება. მაგრამ პერსონაჟის შინაგანი სამყარო იმდენად მძიმე და მრავალწახნაგოვანია, რომ დოკუმენტურ ფაქტებს მკითხველი მხატვრული ჭრილიდან უყურებს. 

მერაბ მინდელი უბოროტო კაცია, მაგრამ წინააღმდეგობრივი, თან უემოციო. იგი სუსტი პიროვნებაცაა და თან პრინციპული, ავტორიტარიზმთან შეუგუებელი; მორალურად ანგრევს მძიმე ფინანსური კრიზისი, რომელიც მის ცხოვრებაში მძვინვარებს და ამავდროულად, უძლებს მუქარას, წნეხს, როგორც ჟურნალისტი. მას დედა უყვარს, და თანაც ბევრ რამეს ვერ პატიობს. ვერ პატიობს, რომ ბავშვობიდან ეგოისტურ გლოვაში გაიზარდა. დედა მაშინ „შეიშალა”, როცა ქმარმა, მერაბის მამამ მიატოვა. სიყვარულისგან ნაადრევად დაბერებული, ალცჰაიმერით დაავადებული ქალი მრავალი წლის განმავლობაში ელოდება კაცს, რომელიც მთელი ცხოვრება უიმედოდ უყვარდა. მერაბს ტანჯვისთვის ეცოდება დედა, მაგრამ მისი ტანჯვა ეგოიზმად მიაჩნია და დროდადრო ბრაზობს. უფრო მეტად ბრაზობს მამაზე, რომელმაც ოჯახი ბანალური სასიყვარულო რომანის გამო უარყო და ემიგრაციაში გადაიხვეწა. ერთ დღესაც მამა დაბრუნდება, მაგრამ სახეცვლილი, სხვანაირი, სხვა კაცად ქცეული. 

მას უპირობოდ მხოლოდ ქორწინების გარეშე დაბადებული შვილი უყვარს, მაგრამ სიყვარულს ვერ გამოხატავს. მერაბის შვილი მერაბის უკეთესი ვერსიაა. იქნებ იმიტომ, რომ დედამ მეტი სილაღით და თავისუფლებით გაზარდა?! იქნებ იმიტომ, რომ ის თაობაა, რომელსაც არც ომი უნახავს და არც უკიდურესი სიღარიბე?! თითქოს მწერალი იმასაც მიგვანიშნებს, რომ მერაბს შვილი არ უნდოდა, მაგრამ 20 წლის ასაკში შეყვარებულს დაუცველ სექსზე უარი ვერ უთხრა და ბავშვიც ხათრით ჩაისახა. მერაბი ხათრიანია, უარის თქმა უჭირს და მერე ნანობს ხოლმე. ვერც სიყვარული შეინარჩუნა. სამჯერ უყვარდაო, ამბობს ავტორი, მაგრამ არსად ჩანს შეყვარებული მერაბის მდგომარეობა, – თითქოს მისი ლიმბური სისტემაც სხვა მექანიზმით მუშაობს.

ამ რომანის ერთ-ერთი მთავარი ფორმულაა, რომ ყველაფერი, რაც მთავარ გმირ უყვარს, ნადგურდება, ყველა, ვინც უყვარს, პრობლემებში ეხვევა. მაგრამ ბოლომდე მაინც გუგებარია, მერაბის გულშიჩაკლული, ვერრეალიზებული სიყვარულია ასეთი დამანგრეველი, თუ სამყარო, რომელიც მის ირგვლივ სუნთავს და იხრწნება. 

რომანში იდუმალებით მოცული ორი პერსონაჟი გვევლინება, – ჟღალთმიანი კაცი და მისი ცოლი. ორივე მერაბის ჰედონისტური სურვილების ხორციელი გამოვლინებაა, ჩამარხული ბისექსუალური ვნებისა და აკრძალული სიყვარულის ერთობლიობა. ავტორმა სახელი არცერთი პერსონაჟისთვის არ გაიმეტა, მაგრამ მაინც ყველაზე დასამახსოვრებელ გმირებად რჩებიან. ბოლომდე ისიც კი რთული მისახვედრია, არსებობს თუ არა ეს ცოლ-ქმარი, თუ მერაბის ზმანებაა. მის ცნობიერში სხვა სამყაროც არსებობს, სადაც ბევრი ალტერეგო ცხოვრობს და მერაბს ხან სინდისის ხმად, ხან კი დანაშაულის წამქეზებლად ევლინებიან. შესაძლოა, ის ცოლ-ქმარიც მისი ქვეცნობიერიდან ამოსული ზმანება იყოს.


ᲛᲝᲠᲜᲘᲑᲘᲔ ᲙᲐᲰ
ᲛᲝᲠᲜᲘᲑᲘᲔ ᲙᲐᲰ
დავით ქაშიაშვილი

37 წლის ვინმე მატარებლების მიტოვებულ და ძველ სადგურში იღვიძებს. მარტოა, ეშინია საკუთარი ხმისა. მხრებზე ბაბუას კუბოკრული პიჯაკი ახურავს. ფრაგმენტულად ახსოვს საიდან მოდის, ვინ უყვარდა ან ვის უყვარდა ამ წლების განმავლობაში. ახსოვს შვილების სახელები. უცნობი ხმები, მისტიკური არსებები თავში გამუდმებით ჩასძახიან, თუ ჩამღერიან, თუ ჩაჰყვირიან, რომ გადარჩეს.

წიგნის შეძენა →
ᲠᲐᲦᲐ ᲓᲠᲝᲡ ᲢᲔᲥᲜᲝᲐ
ᲠᲐᲦᲐ ᲓᲠᲝᲡ ᲢᲔᲥᲜᲝᲐ
დავით ქაშიაშვილი

16 წლის ასანას, შაბათს მნიშვნელოვანი მატჩი აქვს „არაგვთან“. გასულ სეზონში ხომ დამარცხდნენ და ამის გამო უფრო მაგრად უნდა მოგება, იქნებ გოლების შეყრაზე მეტადაც. დღეს კი ორშაბათია, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ვერც კი ითამაშოს.

წიგნის შეძენა →
ᲕᲘᲠᲗᲐᲒᲕᲐ
ᲕᲘᲠᲗᲐᲒᲕᲐ
დავით ქაშიაშვილი

მერაბი ახალი ამბების რედაქტორია, ტელევიზია სარდაფში აქვთ, მიწის ზემოთ კი ცისფერი ვეშაპები ქლორით რეცხავენ ადამიანთა ტვინებს. მერაბს ემუქრებიან, ასეთი წერილიც მიიღო: „audio failebi ar gamoaqveyno! virtxebtan ertad dagmarxaven, shen shvilzec gefiqra, nabozaro!“.

წიგნის შეძენა →

შესვლა
რეგისტრაცია